გიგა ბოკერია: ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაშიც ბალანსი ისეა შექმნილი, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული კანდიდატის ნომინაცია მოხდეს

გიგა ბოკერია: ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაშიც ბალანსი ისეა შექმნილი, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული კანდიდატის ნომინაცია მოხდეს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაშიც ბალანსი ისეა შექმნილი, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტული კანდიდატის ნომინაცია მოხდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიუხედავად, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ვინ იქნება ცესკო-ს თავმდჯომარე, შედეგი დამოკიდებულია პარტიებისა და მოქალაქეებს აქტიურობაზე.

„არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ვინ იქნება ცესკო-ს თავმდჯომარე. შემდეგი არჩევნების, ვადამდელი არჩევნების და ძალაუფლების შეცვლის ბედი გადაწყდება მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების აქტიურობით, კლიმატისა და განწყობის შექმნით, რომელსაც რეჟიმის არალეგიტიმური მეთოდები ვერ გადასძლევს. ამ კომისიის შექმნა ბუნებრივია, კიდევ ერთხელ შეხსენებაა ჩვენთვის როგორ უდგება ივანიშვილის რეჟიმი ანგარიშვალდებულებას და მართვის გაგრძელებას როგორ აპირებს, თუ მას ამის შესაძლებლობა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცა. მას ეს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ემუქრება ყველა მიმართულებით პრობლემები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა. ცესკო-ს თავმჯდომარემ კი თანამდებობა 1-ელი ივლისიდან დატოვა.