ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი იდეა სასამართლოსთან დაკავშირებით. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ხელს უშლის თავისი იდეის განხორციელებაში, ოღონდ ამას აკეთებს ისე, რომ საპირისპიროდ თავისი იდეა არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ „რადიო თავისუფლების“ ეთერში შეკითხვაზე, რა შეიძლება კიდევ იყოს პარლამენტის შიგნით ოპოზიციის ხელში, რომ ამ პროცესის გაგრძელებას ხელი შეუშალოს.
მისი თქმით, კითხვაზე, ვინ უნდა დანიშნოს, არის არასერიოზული პასუხები.
„ოპოზიცია ამბობს მაგალითად, მოსამართლეები არ დანიშნოთ თქვენ. ისმის კითხვა, ვინ დანიშნოს? ამ დროს პასუხი არის ენჯეოები, ან ვიღაც. ანუ, არასერიოზული პასუხებია. არა ის, რომ რა ეშველება სასამართლოს ფუნდამენტურად შესაცვლელად, არამედ, ამან კი არ დანიშნოს, ამათმა დანიშნონ. ჩვენ სანამ არ გავიგებთ იმას, რომ ეს არ მოგვწონს, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს სასამართლოში, შენ რას სთავაზობ, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ კი არა, მე დავნიშნავ მოსამართლეებს, ამის გარდა რას სთავაზობ, ამას ელოდება ხალხი და ამაზე უნდა შევჯერდეთ“ - აცხადებს იაგო ხვიჩა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ ხელი მოეწერა კონცეფციას, რომელიც ყველამ დაივიწყა და ახლა კონცეფციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან.
„კონცეფცია დევს, მაგრამ ყველამ დაივიწყა და ახლა კონცეფციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. ხომ გესმით ქართველი პოლიტიკოსების, ჩვენთან როგორც მოაწერეს ხელი სასამართლოს თემას, ისე მოაწერეს ხელი ათ პუნქტიან განვითარების გეგმას არასამთავრობო სექტორთან ასევე სასამართლოზე. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.