შალვა პაპუაშვილი: შერჩევითი სახალხო დამცველობა თუ შედიოდა სახალხო დამცველის სამუშაო აღწერილობაში, არ ვიცოდი

შალვა პაპუაშვილი: შერჩევითი სახალხო დამცველობა თუ შედიოდა სახალხო დამცველის სამუშაო აღწერილობაში, არ ვიცოდი

შერჩევითი სახალხო დამცველობა თუ შედიოდა სახალხო დამცველის სამუშაო აღწერილობაში, ეს არ ვიცოდი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმად, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, როგორც ჩანს, სახალხო დამცველი შერჩევითად იღებს გადაწყვეტილებას, სად განახორციელოს და სად არ განახორციელოს საკუთარი მანდატი.

„ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ მის სახალხო დამცველობითი ფუნქცია ქართულ საზოგადოებას და ხალხს არ სჭირდება. ეს მისი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილმა უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს საელჩომ შარლ მიშელის შეთანხმებაში სასამართლოს საკითხი ყვითელი მარკერით გახაზა.

უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ ყველა პირობა შესრულებულია.

„19 აპრილის შეთანხმება ყველას შეუძლია ნახოს, მათ შორის, მარკერით მონიშნული 19 აპრილის შეთანხმება. შეადაროს ის ქართულ კანონმდებლობას არის თუ არა შესაბამისობაში 19 აპრილის შეთანხმებასთან - იქ აღწერილი პროცედურები შეადაროს იმ პროცედურებთან, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გაიარეს იუსტიციის საბჭოში და თქვას, შეესაბამება თუ არა, ერთი, მეორე და მესამე ერთმანეთს. გარწმუნებთ, დასკვნა არის ის, რომ შეესაბამება. სხვათა შორის, როდესაც საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნაზე და თავშეკავებასთან დაკავშირებით, რომ დააკვირდეთ იქ საუბარი არ არის ხელშეკრულების პუნქტებზე, არამედ საუბარია სულისკვეთებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ხელშეკრულებაში რაც წერია, მათ შორის ის პუნქტები ცალსახაა. დიალოგის დროს გარკვეული შეხვედრების მონაწილე მეც ვიყავი და კარგად მახსოვს, რა საუბარი იყო იქ. საუბარია იმაზე, რას ამბობს 19 აპრილის შეთანხმება - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არ შეესაბამება ვენეციის კომისიის კონკრეტულ დასკვნას, ამიტომ, საჭიროა შეაჩეროთ ეს პროცესი, ამ დასკვნასთან შესაბამისობაში მოიყვანოთ კანონმდებლობა, შემდეგ განაახლოთ და მიხვიდეთ ბოლომდე, რაც ზუსტად, სიტყვა-სიტყვით მოხდა მარტსა და აპრილში. თუ არ ვცდები, 2 აპრილს მივიღეთ კანონი და პროცესი შეჩერდა. კანონი შეიცვალა აპრილში, პროცესი განახლდა აპრილში და პროცესი დასრულებისკენ ივნისში მივიდა. ყველა ეს პირობა შესრულებულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.