საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და საქართველოს მოქალაქეებთან გასაუბრებისას, არადეკლარირებული 30 010 აშშ დოლარის, 120 ყაზახური ტენგესა და 24 915 ევროს უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. სხვადასხვა ქვეყნის უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ, ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, საერთო ჯამში - 188 751.53 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, თითოეული კანონდამრღვევი მოქალაქე 5000 ლარით დაჯარიმდა.