შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, „ნაცმოძრაობას“ ჰქონდეს დრო, შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, „ნაცმოძრაობას“ ჰქონდეს დრო, შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ დროს, შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის ამნისტიის პუნქტს.

„19 აპრილის შეთანხმება არის ერთი დოკუმენტი - მისი ყველა პუნქტით ერთად და არა ცალ-ცალკე. ამიტომ მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს დრო, მოიფიქროს და შეუერთდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის ამნისტიის ჩათვლით. ეს არის მათთვის შანსი, შეთანხმების მნიშვნელობა გაიაზრონ. ჩვენ მათ ვაძლევთ შანსს, იყვნენ დემოკრატიის ნაწილი და არა გარიყული და მარგინალიზებული პარტია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას სრულად ასრულებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.