საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ მონაწილეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის, სატარიფო პოლიტიკის, 2020 წლის ძირითადი მოვლენების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, კომუნალური სერვისების ხარისხის, საერთაშორისო ურთიერთობების, კომისიის საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.
„ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. 2020 წელს, მრავალი გამოწვევისა და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, კომისია მთელი წლის მანძილზე აქტიურად ახორციელებდა საქმიანობას და მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.