კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია - გრძელდება ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი

კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია - გრძელდება ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი

„ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია. ამასთან, გრძელდება იქ, ამ დრომდე მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში, ნინოწმინდის პანსიონის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, აუცილებელია, შენარჩუნდეს პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალობა.

„ჩვენ გვქონდა პირველი ერთობლივი შეხვედრა საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მუშაკების, UNICEF-ის, World Vision-ის წარმომადგენლებთან. ჩვენი განხილვის უმთავრესი თემა იყო სიტუაცია ნინოწმინდაში. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია. ამასთან, გრძელდება იქ, ამ დრომდე მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ჩვენ ახლა ვხედავთ ღიაობისა და გამჭვირვალობის დონეს. ეს ძალიან კარგი და საჭიროა. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯები იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობაზე ყურადღება კვლავ შენარჩუნებულია“, - აღნიშნა დიპლომატმა.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა.