ადამიანებს, რომელთაც უჭირთ კითხვა და გაგება, აშშ-ს საელჩომ მოუნიშნა დოკუმენტში, რომ რეფორმებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა დაპაუზდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად განიხილავს და სანქციებზე მუშაობა დაწყებულია.
„მოსამართლეთა დანიშვნის დაპაუზება (რაც მიშელის დოკუმენტში წერია) ნიშნავს შეჩერებას, შეჩერებას მანამ, სანამ რეფორმები განხორციელდება. სასაცილოც არის ხელისუფლების ეს არგუმენტი. აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა კიდეც დოკუმენტი, სადაც მოუნიშნა იმ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ კითხვა და გაგება, რომ უნდა შეჩერდეს ანუ დაპაუზდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა მანამ, სანამ რეფორმები არ განხორციელდება. აშშ მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავს, როგორც საქართველოსთვის სასიცოცხლო რეფორმას და მათ უზარმაზარი ინვესტირება მოახდინეს, რომ რეფორმები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ამაზე თვალს არავინ დახუჭავს, რომ თანხები, რომელიც ინვესტირებული იქნა, პრაქტიკულად კლანმა გაანიავა, ამიტომ ზოგიერთი მოსამართლის განცხადება, რომ თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა რეფორმების კუთხით არის სუვერენიტეტის დარღვევა, არის უსინდისო განცხადება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერაზე ხალხის მიმართ და არა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ან კლანის წევრები არიან ან კლანის გავლენის ქვეშ არიან. მე შემიძლია გითხრათ, რომ სანქციებს არა თუ უნდა ველოდოთ, არამედ პროცესი არის დაწყებული, ეს მინდა აღვნიშნო დიდი კმაყოფილებით, რადგან სანქციებმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ბულგარეთის შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ჩვენმა მეგობრებმა ანალოგიური პროცესი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, რადგან ეს კლანის წევრ მოსამართლეებს დაანახებს, რომ ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გაგებას, ვერ გააგრძელებენ ამას. სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია იმ მოსამართლეების და კლანის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით თავი აქვთ გამოჩენილი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს კონტროლის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, ამიტომ სასჯელის გარეშე, დაუსჯელად ეს ვეღარ გაგრძელდება. ეს არ არის მუქარა და სუვერენიტეტში ჩარევა, როგორც ამას ცდილობს ზოგიერთი მოსამართლე რომ წარმოაჩინოს, უბრალოდ, ასეთი ტიპის ღონიძიებებით ჩვენი მეგობრები ეხმარებიან ქართველ ხალხს, რომ მოხდეს დეპოლიტიზაცია და სასამართლოს გათავისუფლების დაწყება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.