თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაზე ყველა მხრიდან წნეხი მიმდინარეობს.
„ძალიან დიდი წნეხი მიდის სასამართლო სისტემაზე - ყველა მხრიდან, ყველა მიმართულებით. სწორედ ამ პრობლემების გამო, მთლიანად სასამართლო კორპუსმა და სისტემამ გადაწყვიტა, რომ დღეს შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ ამ თემებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია - აბსოლუტურად ყველას მხრიდან. ნუთუ, რაიმე ერთი კარგი რამ არ გაკეთებულა სასამართლო სისტემაში, რომ ვინმე გამოვიდეს და ეს თქვას?“, - ამბობს ირაკლი შენგელია.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს. მოსამართლეები დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. მათ შორის, დისკუსია შეეხება პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.