ნინო წილოსანი-პრემიერს: რა გეგმა გაქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკას შეიმუშავებთ ამ მიწების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით

ნინო წილოსანი-პრემიერს: რა გეგმა გაქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკას შეიმუშავებთ ამ მიწების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით

„რა გეგმა გაქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას შეიმუშავებთ ამ მიწების პრივატიზება-იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით, რა თანხები იქნება ამაში ჩადებული“,- აღნიშნული კითხვით პრემიერ-მინისტრს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მიმართა.

ნინო წილოსანის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 60% აქვს საკუთრებაში. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, იმ სასარგებლო და ნაყოფიერი მიწების მხოლოდ ორი მეხუთედია გაშვებული ბრუნვაში, რომელიც რეალურად შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ. ეს ნიშნავს, რომ იმ მიწების, რომელსაც სახელმწიფო ფლობს, 10%  რომ ჩავუშვათ სოფლის მეურნეობის აქტივობაში, დაახლოებით, გვექნება ხორბლის მოსავალი დამატებით 50 მილიონი ლარის, იგივე  10% მიწების სოფლის მეურნეობაში ჩაშვება მოგვცემს მოცვის, დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარზე უფრო მეტ შემოსავალს და ასევე, თხილი, 150 ათასი ლარი.

ვიცი, რომ თქვენ ამ თემაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ აქ მოვისმენთ, რა გეგმა გაქვთ ამ მიწების აღრიცხვასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას შეიმუშავებთ ამ მიწების პრივატიზება-იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით, რა თანხები იქნება ამაში ჩადებული.  იმიტომ, რომ, ვიცით, რომ მუშაობს მიწის სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაგრამ წელიწადნახევარი-ორი წლის მანძილზე მისი ეფექტიანობა არის საკმაოდ დაბალი, რადგან მას არ აქვს არც დაფინანსება, არც ადამიანური რესურსი და ალბათ, აქვს პოლიტიკის ნაკლებობის პრობლემაც“,- განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.