მადლობა ირაკლი ზარქუას, რომელიც ჩემდა გასაკვირად ჩვენზე პრინციპული და „მიმწოლი“ იყო „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. „ლიბერთი ბანკმა“ თქვა, რომ არა უბრალოდ სესხებს დააკლებს, არამედ ერთი წლით ადრე მზად არის გაწყვიტოს ის კონტრაქტი, რითაც წვალობდნენ პენსიონერები და უზარმაზარ, 36 პროცენტში იღებდნენ სესხებს. ისინი (ლიბერთი ბანკი) ამბობენ, რომ მზად ვართ, თუ ხვალ გამოცხადდება ახალი ტენდერი და ახალი პირობები, მზად ვართ ამაში მონაწილეობა მივიღოთ-ო.
რა თქმა უნდა ბატონ ღარიბაშვილთან გვექნება საქმე, რომ ძალიან შეიქმნას ახალი კომისია, დარწმუნებული ვარ რომ უფრო დიდი წარმომადგენლობა იქნება ჩართული, ბატონი ზარქუა, ჩვენც, იმედი მაქვს რომ გიორგი ვაშაძეც ჩაერთვება, რომელიც ქედმაღლობს და აწვალებს პენსიონერებს და დაატარებს თაკარა მზეში და რისთვის დაატარებს ღმერთმა უწყის და იკადრებს, რომ მოვიდეს და საერთო ფერხულში ჩადგეს, ეს არ არის ელისაშვილი, იოსელინისა და ზარქუას წარმატება, ეს იქნება ამ ქვეყნის წარმატება, რომ პენსიონერებმა სარგებელი ნახონ და 36%-ში არ იღებდნენ სესხს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პენსიების დარიგების თაობაზე ახალი ტენდერის საკითხზე პარლამენტში სამუშაო კომისია შეიქმნება, რომელშიც ჩართული იქნებიან პარტია „მოქალაქეები“, უმრავლესობის წევრები, ფინანსთა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები და „ლიბერთი ბანკი“.