ეკატერინე ტიკარაძე: საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ

ეკატერინე ტიკარაძე: საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობა შეაფასა. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„დღესდღეობით ეპიდვითარება საყურადღებოა. ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს არა მხოლოდ რიცხვები, რომელიც ქვეყნდება დადებითობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, არამედ ლეტალობის კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში არის. ვხედავთ, რომ ვირუსის შტამს, რომელიც დღეს დომინანტურია ქვეყანაში, არ აქვს მარტივი მიმდინარეობა და ლეტალობის რიცხვი გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ დამატებით საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელებთ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, ვთვლი, რომ სიფრთხილე არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მთელი ზაფხული წინ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მოკლევადიანი, ფრაგმენტული გახსნები, რომელიც შეიძლება შემდეგში იყოs მასშტაბური დახურვების მიზეზი, არამედ სწორად გაანალიზებული, მართული პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი ზაფხულის პერიოდი ეკონომიკისთვის მდგრადად გავიაროთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.