საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე რეგულარულად განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
„ჩვენთვის ყველაზე ქმედით შეზღუდვად კვლავაც ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა და ასევე პირბადის გამოყენება რჩება. პირბადის გამოყენება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.