შოთა გულბანი:  2021 წლის მაისში ექსპორტი 45 %-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც

შოთა გულბანი:  2021 წლის მაისში ექსპორტი 45 %-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც

„თუკი საგარეო ვაჭრობა იზრდება და ამაში ადგილობრივი ექსპორტის წვლილი სოლიდურია, ეს იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკაში შექმნილი დამატებითი ღირებულება მზარდია, რაც პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. 2021 წლის მაისში, კრიზისული 2020 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი 45 %-ით გაიზარდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომისტი შოთა გულბანი საქსტატის მიერ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემს, რომლის თანახმადაც მაისშიც, წინა თვის მსგავსად, ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია. 

შოთა გულბანის განცხადებით, ცხადია, კრიზისულ პერიოდთან შედარებით დაფიქსირებული ზრდით არ უნდა ვიამაყოთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გასული წლების საუკეთესო მაჩვენებლები ერთბაშად ვერ გაუმჯობესდება. „2021 წლის ბოლომდე გაცილებით უფრო დადებითი მაკრო ტენდენციების დაფიქსირებაა მოსალოდნელი. აქვე აღვნიშნავ, რომ 2020 წელს ექსპორტის შემცირება რე-ექსპორტის კლებით იყო განპირობებული, ადგილობრივი ექსპორტი კი 3.5 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 2.406.9 მლნ. აშშ დოლარს  მიაღწია“, - აღნიშნა ექსპერტმა.