თეთრი სახლი ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

თეთრი სახლი ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ თავის ტერიტორიაზე საერთაშიორისო სპეციალისტებს არ დაუშვებს, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ცდილობენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდნენ.

„ეს დიპლომატიური მომზადება და ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებაა. ამ ძალისხმევის მიზანი ჩინეთის ხისტი არჩევანის წინაშე დაყენებაა: ან ჩინეთი ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება და გამომძიებლებს დაუშვებს, რათა მათ ვირუსის წარმოშობა დაადგინონ, ან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციის წინაშე აღმოჩნდება“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.