ლევან იოსელიანი: საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურადაა შეფასებული

ლევან იოსელიანი: საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ცვლილებები ძირითადად პოზიტიურადაა შეფასებული

საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში ძირითადად პოზიტიურად არის შეფასებული ცვლილებები, არის შენიშვნები, რომელიც ეხება იმ საკითხებს, რომელიც მხარეებს შორის პრინციპული შეუთანხმებლობის საგანი არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ყველა ცვლილება უნდა იყოს ინკლუზიური.

„ანუ, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსესუსს უნდა ეფუძნებოდეს და თუ ეს კონსესუსი იქნება, მაშინ მათთვის მისაღები იქნება ცვლილება. მიმაჩნია, რომ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრის გამოწვევა არ უნდა იყოს მარტივი, როგორც დღეს არის კანონმდებლობაში, თუმცა ჩემს კოლეგებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ვენეციის კომისიაც ამბობს, რომ ადამიანი, ვინც კომისიაშია, მისი ერთი ფურცლით უკან გამოწვევა არ არის ის სტანდარტი, რომელსაც მიესალმებიან, რადგან მისი უფლება უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.