13 წლის განმავლობაში, ნატოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გამხდარიყო, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში.
„ჯერ კიდევ 2008 წელს ალიანსმა ბუქარესტში მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. იმავე სამიტზე ნატოს ლიდერებმა თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს, ორივე ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება განეხილათ. თუ მკითხავთ, რა გაკეთდა 2008 წლიდან ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ: არაფერი. 2008 წლიდან ნატოს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის სულ ერთია, როგორ გახდება ნატოს წევრი.
„ჩემი კითხვა ნატოს - კიდევ რამდენი რეფორმა გსურთ? მოგვეცით მკაფიო სია, რადგან რაც უფრო მეტ რეფორმას გავატარებთ, მით უფრო მეტი მოლოდინი გვექნება ალიანსისგან“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებამ ასევე ისაუბრა 14 ივნისს ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის შედეგებზე.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას ალიანსის სრულფასოვან წევრად ხედავს. ეს სამიტის კარგი მხარეა. ცუდი მხარე კი ის არის, რომ ნატოს გადაკვრითაც არაფერი უთქვამს ამ პროცესის ვადებზე“, - განაცხადა მან.
14 ივნისს ნატოს სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.