კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შანსები შეაფასა. ამ თემაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს დიდ ყურადღებას აქცევს, არა მხოლოდ მედიაციის დროს, არამედ კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების მიმართულებით.
„ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს. ალბათ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორ საქართველოს უდიდეს ყურადღებას აქცევს, არა მხოლოდ მედიაციის დროს, არამედ პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ფინანსურ დახმარებაზე. დავეხმარეთ მოწყვლად ჯგუფებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჯანდაცვის სექტორს, საავადმყოფოებს და ა.შ. ეს მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოს ახლო პარტნიორად და მეგობრად განვიხილავთ.
ვფიქრობ, საქართველოს ძლიერი საწყისი პოზიცია უჭირავს პარლამენტში, სადაც ძალთა აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპულია და ამავე მიმართულებით მოძრაობა სურს. ასევე ძლიერი საყრდენია ფართო საზოგადოებაშიც, რომელიც ასევე მხარს უჭერს ევროპულ გზას. იმედი მაქვს, ცოტაოდენი პოლიტიკური სიმშვიდით, პარლამენტი შეძლებს ყურადღება მეტად გაამახვილოს ამ საკითხებზე, ასევე მთავრობაც“, - განაცხადა ელჩმა.