ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბარში პანსიონის ახალმა მმართველმა მეუფე იაკობმა განაცხადა.
„ასეთი გალავნები აღარ ექნებათ, დაინახავენ რა ხდება და მერე ვფიქრობ კიდევ რას, 18 წლის რომ ხდებიან მიდიან, სწავლას განაგრძობენ, აქ რომ დაბრუნდნენ სახლებსაც აუშენებს და შეუძენს ეკლესია“, - განაცხადა მეუფემ.
მან ასევე ილაპარაკა იმაზეც, თუ რატომ შეარჩიეს ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველად. „ბავშვების ჩაგვრას ვერ ვიტან...საერთოდ ვერავის ჩაგვრას ვერ ვიტან და შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო და ასევე სადმე რომ შევიდე და დამანახონ დალაგებული სიტუაცია და იმას ვერ ვხვდებოდე ვის რა პრობლემა აქვს“, - აღნიშნა იაკობმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაცმოესურვება.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა.