პროკურატურამ ე.წ სკანდალური ჩანაწერი გაშიფრა, შეისწავლა და დაადგინა რომ 2021 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებული და იმიტირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის კვირასთან“ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
ჩანაწერში სიტყვა მინისტრები ღარიბაშვილის საუბარში საერთოდ არ ისმის, ამიტომ პროკურორის განცხადებით მსჯელობა იმაზე, რომ თითქოს ღარიბაშვილმა ბრიფინგზე მინისტრების მოხსენიება დაადასტურა და ექსპერტიზა უარყოფს, ისევ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას გარკვეულ კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრებთან, ბუნებრივია ეს არ გამორიცხავს, რომ პირად საუბარში ასეთ თემაზე ყოფილიყო საუბარი... თუმცა იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც გაავრცელა მედიასაშუალებამ სიტყვა მინისტრები რეალურად მიღებულია მონტაჟის გზით და მოსაუბრეებს ეს სიტყვა არ უხსენებიათ“, - განაცხადა გულუაშვილმა.
ფონოსკოპიურმა ექპერტიზამ დაადგინა საუბარში მონაწილე პირების გარდა, მონტაჟის დროს სასურველი შინაარსის მისაღებად, სხვა პირების ხმებიცაა გამოყენებული. გამოძიებამ კი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩათვლით, ყველა ის პირი გამოკითხა, რომლის იდენტიფიცირება მოხერხდა და რომლების თითქოს დაშინებაზეც აეწყო მთელი ამ საუბრის დამონტაჟებული შინაარსი.
„რეალური შეხვედრა ამ მუქარის ავტორებთან შედგა. ეს შეხვედრა შედგა მათი მშობლებისა და მეზობლების თანდასწრებით. ამ შეხვედრის დროს ორივე მხარის გამოკითხვის გათვალისწინებით, არანაირი სახის მუქარასა და ძალადობას ამ პირების მიმართ არ ჰქონია“, - აღნიშნა გულუაშვილმა.