„ვიყავი დაბმული, მირტყამდნენ ყოველდღე, არც წყალი, არც საჭმელი“ – როგორ „ატენიდნენ“ გიორგი ხარძეიშვილს 20 წლის ბერძენი ქალის მკვლელობას

„ვიყავი დაბმული, მირტყამდნენ ყოველდღე, არც წყალი, არც საჭმელი“ – როგორ „ატენიდნენ“ გიორგი ხარძეიშვილს 20 წლის ბერძენი ქალის მკვლელობას

ათენში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი კორიდალოს ციხეში სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ჰყვება, რომ 4 დღის განმავლობაში აწამებდნენ. მიზანი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის აღიარება იყო.

პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე საქართველოს საელჩოს ინფორმაცია არ აქვს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ბერძენი სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომების შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია, თუმცა საელჩო ფაქტის გადამოწმებას და შესაბამის რეაგირებას გეგმავს.

გიორგი ხარძეიშვილი ამ დროისთვის საპატიმროში იმყოფება. მას ბრალი ყაჩაღობისთვის აქვს წარდგენილი, დანაშაულს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე უარყოფს.

"კურიერის" ინფორმაციით, მეორე მძიმე დანაშაული კი, რომლის აღიარებასაც ხარძეიშვილს აიძულებდნენ, 20 წლის ქალის მკვლელობაა. ის, რომ ბრალი აბსურდული იყო, ორი დღის წინ დადასტურდა, როცა მოკლულის მეუღლემ დანაშაული აღიარა.

საბერძნეთში დაკავებულ ქართველს მკვლელობის მუხლით ბრალი არ უმტკიცდება, თუმცა ის საპატიმროში მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით ამ დრომდე რჩება. გიორგი ხარძეიშვილი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.