მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ. აღნიშნული აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დაინტერსებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზეც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიო ფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში. გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიები და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილი ტელეფონის ნომრებზე ფარული მოსმენა-მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით, 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო.
„ანუ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე 1 დღით ადრე. ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწოვან ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.