ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა. ის აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ, - ამის შესახებ, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადი სიტუაცია. შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და ვნახავთ სიტუაციას. გთხოვთ ჟურნალისტებს, რომლებსაც იქ ალყა გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ეს დიდი სტრესია ბავშვებისთვის. ჩვენ არ გვქონია ერთმანეთთან პრეტენზიები, სიტუაცია სწრაფად აგორდა და აქ მტყუან-მართალზე საუბარი არ ყოფილა. ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა. ის აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ. ბავშვები გეუბნებიან, წადითო, რატომ არ მიდიხართ?“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.
5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაცმოესურვება.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.