აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ამერიკა შეეცდება დააბრუნოს რუსეთი სამართლებრივ სტანდარტში. უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ აღნიშნული შეხვედრების დროს განხილული საკითხები აუცილებლად პოზიტიურად აისახება საქართველოს მდგომარეობაზე.
„ამდენად დაძაბული ვითარება მსოფლიოში არ ყოფილა ცივი ომის შემდგომ. აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, აშშ შეეცდება დააბრუნოს რუსეთი იმ კალაპოტში, რასაც სამართლებრივი და საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემა ჰქვია“, - მიიჩნევს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კი მიიჩნევს, რომ დიალოგი ყოველთვის კონფრონტაციაზე უკეთესია.
„სიმართლე გითხრათ, პირადად რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას ამ შეხვედრიდან არ ველოდებოდი. ეს ვერც მოხდებოდა, იმიტომ რომ 15 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ასე მოკლე ხანში და პირველ შეხვედრაზე არ ხდება ხოლმე. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დიალოგი ორ სახელმწიფოს შორის ჯობია, ვიდრე კონფრონტაცია, იმიტომ რომ ეს კონფრონტაცია ჩვენზეც უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს კი იმედი აქვს, რომ მსგავსი გლობალური ტენდენციები საქართველოზე პოზიტიურად აისახება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გლობალური საკითხები პოზიტიურად აისახება საქართველოს მდგომარეობაზეც მათ შორის, ვინაიდან გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ზოგადად რეგიონში არსებული სირთულეები - ყველა ეს საკითხი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიმწვავით, რა თქმა უნდა, საქართველოზეც აისახება. ამიტომ, ამ კუთხით ნებისმიერი მოლაპარაკებისკენ, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები, რა საკვირველია, არის ძალზედ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაში შედგა.