ბადრი ჯაფარიძე ე.წ. მუქარის წერილის საქმის კიდევ ერთ დეტალს ამხელს და პროკურატურას მიმართავს. ყოფილი ბანკირის ინფორმაციით, წერილი, სწორედ გახარიასგან მიიღო და ეს მისსავე სამუშაო ოთახში მოხდა, სადაც ის თიბისი ბანკზე კიბერშეტევის საქმის გამო მივიდა. ბრალდებებს ყოფილი პრემიერის ნაცვლად, კვლავ მისი ახალი თანაგუნდელები პასუხობენ
„მე შეხვედრა მქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა კიბერ შეტევა ბანკის სერვერებზე. ამავდროულად, იმ პერიოდში გადასახდელი აპარატები, დაახლოებით 17 აპარატი გაიძარცვა, შეინიშნებოდა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და ამ თემასთან დაკავშირებით მე მქონდა გახარიასთან შეხვედრა. დანარჩენი არის საგამოძიებო უწყებების საქმე. თუ მათ დააინტერესებთ, შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ“, - განაცხადა ბარდი ჯაფარიძემ.
ახალი დეტალები ყოფილი პრემიერ მინისტრის ახალ გუნდში სანდოობას არ იწვევს. მათთვის უფრო სარწმუნოა გამოძიების დასკვნა, რომელიც მიხედვითაც სადავო წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდი არ არის
„ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ და შემდეგ საზოგადოებას შესთავაზონ ერთი ვერსია. ყოველდღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ და ეს განპირობებულია ერთი მიზეზით - მსგავსი აბსურდულ საკითხებზე საუბრით მათ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უნდათ“, - აცხადებს გიორგი გახარიას თანაგუნდელი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.
„ლელოს“ ლიდერების განცხადებები ნდობას არც მმართველ პარტიაში იწვევს. „ქართლი ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ორ პარტიას შორის ურთიერთბრალდებები პარლამენტს მიღმა უნდა გაირკვეს.
„რამდენადაც მახსოვს, ადრე იმაზე საუბრობდნენ, რომ ეს წერილი ბადრი ჯაფარიძეს ავტოსადგომზე თუ სადღაც გადასცეს. როდესაც თავადვე სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ, ვურჩევ, რომ გაერკვნენ საკუთარ ვერსიებში. თუ რამე გამოსაძიებელია, ამას შსს და პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიხედავენ. ეს პარლამენტის საქმე არაა“, - განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.