„საქპატენტის“ პატენტრწმუნებულთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი თაქთაქიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე „საქპატენტის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან მინდია დავითაძის გათავისუფლების შესახებ წერს.
„საქპატენტში“ მიმდინარე მორიგი რყევების შესახებ - ანუ შორს პოლიტიკური გარჩევები „საქპატენტისგან“. რამდენიმე ფაქტი:
1. მინდია დავითაძის დანიშვნას წინ უძღოდა მამუკა ბახტაძის მიერ თავმჯდომარედ დანიშნული გენო ლებანიძის დაბარება კანცელარიაში და გახარიას მიერ სწორედ იმიტომ გაშვება, რომ ბახტაძის დანიშნული იყო, ანუ როგორც დავითაძე აცხადებს - პოლიტიკური ნიშნით. ეს მაშინ, როდესაც გენო ლებანიძე ნამდვილად არაფერს აშავებდა, ჭკუაც მოეკითხებოდა და კარგი აღზრდაც ეტყობოდა. ახლა, ღარიბაშვილს რომ იგივეს დააბრალებ გახარია-მეზვრიშვილის ხელის ბიჭი, უბრალოდ უტიფრობაა.
2. თანამდებობაზე დანიშვნიდან „მეორე“ დღეს დავითაძემ იძულებული გახადა სამსახურიდან წასულიყო შესყიდვების სპეციალისტი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც იმდენად კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად მუშაობდა, რომ აუდიტის სამსახურს (კონტროლის პალატას) წინა 4 თუ 5 წლიანი პერიოდის შემოწმების შედეგად, ერთი შენიშვნა არ დაუწერია. რატომ მოიქცა დავითაძე ასე, მერე გახდა ნათელი, როდესაც მან „საქპატენტის“ ფულის ხარჯვა დაიწყო.
3. თანამდებობაზე დანიშვნიდან „მესამე“ დღეს გაიზარდა ხელფასი.
4. თანამდებობაზე დანიშვნიდან „მეოთხე“ დღეს ირაკლი კასრაძეს მისცა უკანონო დავალებები, რაც უკავშირდებოდა „მთავარი არხისა“ და „ნაცმოძრაობის“ სასაქონლო ნიშნების განაცხადებზე საქმისწარმოების ხელოვნურად შეფერხებას, რის გამოც მივიღეთ საქპატენტის თავმჯდომარე, რომლის მიმართაც პროკურატურა ატარებდა (თუ ახლაც ატარებს) მოკვლევას. ის, რომ დავითაძე უკანონოდ იქცეოდა კასრაძის მიმართ, დადასტურებულია სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექციის დასკვნებით და მალე, დარწმუნებული ვარ, დადასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.
5. არავითარი საქმიანი კომუნიკაცია პატენტრწმუნებულებთან „საქპატენტში“ მიმდინარე უკანონობის შესახებ, რაც კასრაძის საქმეს უკავშირდებოდა, მიწერილ წერილებზე პასუხის ნაცვლად, ჩემი რამდენიმე კოლეგის ცალკე დაბარება იმის გასარკვევად, ისინიც იზიარებენ თუ არა ჩემ კრიტიკულ აზრს. კიდევ კარგი, 37 წელი არ არის, ალბათ ცალ-ცალკე დაგვხვრეტდა კრიტიკული აზრისთვის...
6. საქპატენტის ახალი აშენებული შენობის რემონტზე, შუა პანდემიასა და კრიზის დროს, 400,000 ლარის ხარჯვა.
7. „საქპატენტისთვის“, ამგვარი საქციელით, რეპუტაციული ზიანის მიყენება - ალბათ დიდხანს ითათბირეს გახარია-მეზვრიშვილთან დღეს, როგორ გაეპიარებინათ ეს ამბავი, არ გამიკვირდება საზღვარგარეთ, პარტნიორ ორგანიზაციებს მისწეროს, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს და კიდევ უფრო დააზიანოს „საქპატენტისა“ და ქვეყნის რეპუტაცია.
მწარე დასკვნა: როდესაც ვუყურებ 30 წლის დავითაძეს, ცუდად აღზრდილსა და განათლებულს, რომელიც თანამშრომლებთან ურთიერთობისას ვერ არჩევს ქალსა და კაცს, უფროს-უმცროსს, მიდრეკილია კორუფციისკენ, შეუძლია, ამ გაჭირვებაში, ბიუჯეტიდან ტყუილად დახარჯოს 400,000 ლარი (უკეთეს შემთხვევაში), არ აქვს სინდისი და სირცხვილის გრძნობა, რადგან ამხელა ფულს ხარჯავს მაშინ, როდესაც სულ ხელი გვაქვს გაწვდილი და ამ სფეროში თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდება, ევროკავშირის ფულით ფინანსდება, ვხვდები, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ აქ არის, ის არსად წასულა და ჩვენც კიდევ დიდ ხანს, სრულიად დამსახურებულად, ვიქნებით პოსტ-საბჭოთა ქვეყანა“, - წერს გიორგი თაქთაქიშვილი.
„საქპატენტის“ დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მინდია დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ის facebook-ზე წერს, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია.