საკანონმდებლო პროექტი, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ“ პარლამენტმა 2019 წელს სამი მოსმენით განიხილა და 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განმარტა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლებიც, რომელთა დახმარებითაც პროექტი შემუშავდა.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენ კანონპროექტს მივიღებთ, თუმცა, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლის ევროდირექტივასთან ჰარმონიზაცია აუცილებელია. ამიტომ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება. შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
კენჭისყრის წინ, კანონის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და 2021 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა.
პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები სამ კატეგორიად დაიყოფიან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.