გუშინ აქ ტრიბუნიდან გვემუქრებოდნენ, თითო-თითოს გაგიყვანთო, ეტყობა გარეთ "ტროიკა" გველოდებოდა მერაბიშვილის თამადობით. გვახსოვს ჩვენ მოგელაძეების დრო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის თანხა, რასაც ჩვენი მოქალაქე უხდის პოლიტიკურ პარტიას, გამოყენებული იქნება დემოკრატიისთვის და არა იმ სურათის შესაქმნელად, რაც საოკუპაციო რეჟიმს სჭირდება.
„ეს კანონი მოწოდებულია იმისთვის, რომ პარლამენტი პარლამენტს ჰგავდეს და პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით განიმსჭვალონ ამომრჩევლის წინაშე. მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რეციდივები მაინც მოგყვებათ ძველი დროიდან. გუშინ აქ ტრიბუნიდან გვემუქრებოდნენ, თითო-თითოს გაგიყვანთო, ეტყობა გარეთ "ტროიკა" გველოდებოდა მერაბიშვილის თამადობით. გვახსოვს ჩვენ მოგელაძეების დრო. როდესაც 2012 წელს არ დატოვეს არცერთი ადამიანი, რიგითიც კი, არათუ ბიზნესმენი, ვინც კონტროლის პალატისა და პროკურატურისა წნეხში არ გაატარეს. ეს ისტორია, აქ რომ ამბობენ, ისტორია ყველაფერს ინახავსო, უნდათ რომ გაიმეორონ. მაგრამ ისტორიის ჩარხი უკუღმა აღარ დატრიალდება. ის თანხა, რასაც ჩვენი მოქალაქე უხდის პოლიტიკურ პარტიას, გამოყენებული იქნება დემოკრატიისთვის და არა იმ სურათის შესაქმნელად, რაც საოკუპაციო რეჟიმს სჭირდება, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.
საპარლამენტო ოპოზიცია პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა არადემოკრატიულია.