გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის თავისივე განცხადებების მძევალი, იმიტომ რომ რამდენი განცხადებაც არ გააკეთა, საბოლოო ჯამში საპირისპიროს გაკეთება მოუწია

გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის თავისივე განცხადებების მძევალი, იმიტომ რომ რამდენი განცხადებაც არ გააკეთა, საბოლოო ჯამში საპირისპიროს გაკეთება მოუწია

19 აპრილამდე „ნაციონალური მოძრაობა“ მთელ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ „ქართული ოცნება“ არ იღებდა პასუხისმგებლობას და არ აწერდა დოკუმენტს ხელს. მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ჯერ დანიელსონის დოკუმენტს, ხოლო შემდეგ უპირობოდ მოვაწერეთ ხელი შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, 19 აპრილიდან „ნაცმოძრაობა“ საზოგადოების წინაშე მართლების რეჟიმშია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ აწერს ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას.

„ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის თავისივე განცხადებების მძევალი, იმიტომ რომ რამდენი განცხადებაც არ გააკეთა, მათ შორის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებითაც კი, საბოლოო ჯამში საპირისპიროს გაკეთება მოუწია. ამიტომ, მინდა ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ძალიან კარგად ჩაიხედოთ შარლ მიშელის დოკუმენტში, თუ რა წერია ამნისტიასთან დაკავშირებით და შემდგომში ეს შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა. თუკი კონსტრუქციულად შეხედავთ ამას დარწმუნდებით, ისევე როგორც საზოგადოება, რომ ეს არის ერთი-ერთში ასახული შინაარსის შემცველი. ამიტომ, ნუ იყენებთ ამ საბაბს იმისთვის, ვითომ რაღაც ისე არ არის ჩაწერილი და ვითომ ჩვენ ვუკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციას“, - განაცხადა მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.