აუცილებელია, რომ განმტკიცდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩმა ისაუბრა „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტთან“ დაკავშირებით, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ჩემი აზრით, ეს მართლმსაჯულების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. თითქმის ათწლეულია, რაც მიმდინარეობს პროექტის სხვადასხვა ფაზა.ზოგადად, ცხადია, ბევრი შედეგია ისეთი, რომელიც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ეს ძალისხმევა უდაოდ უნდა გაგრძელდეს. სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ასახული ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 19 აპრილის დოკუმენტი ის საგზაო რუკაა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმების დასრულების მხრივ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ განმტკიცდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - აცხადებს ჰარცელი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „რედისონში“ ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს.
"საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს. ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად", აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.