ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ პროცენტს აიღებს თვითმართველობის არჩევნებზე „ ქართული ოცნება“.
„როდესაც „ოცნებამ“ აბსოლუტურად ლეგიტიმურად, სამართლიანად და სუფთად 48% მიიღო, მან თავისი 48%-იანი შედეგის დაცვა ვერ შეძლო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ პროცენტს მიიღებს „ოცნება“, მთავრობის ლეგიტიმაციის პრობლემის პირობებში რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება“, - განაცხადა გახარიამ.
მმართველ გუნდში გახარიას ტაქტიკა დაუწუნეს და განაცხადეს, რომ ის არათანმიმდევრული პოლიტიკოსია.
„ეს არის ფორმა შინაარსის გარეშე. გახარია კვლავ ინარჩუნებს იმ ანტურაჟს, რომელიც მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, ჰქონდა, თუმცა უკვე აღარ არსებობს ის შინაარსი, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ სახით იყო. გახარია არის გარსი, რომელიც შინაარსის გარეშე დარჩა“, - აცხადებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, როცა ვლაპარაკობთ კონკურენციაზე, რა თქმა უნდა, კონკურენცია შეუძლებელია არსებობდეს იქ, სადაც პარტია ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული.
„გახარიას გუნდი ახლა არის ე.წ. სტაფერების კოლექტივი, რომელსაც პარტიად ჩამოყალიბებამდე ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გასავლელი“, - განაცხადა სუბარმა.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ გახარიას პასუხებს ლაიტმოტივად გასდევს არათანმიმდევრულობა, არაგულწრფელობა, სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობა.