იძახდნენ, რომ ვინც საკანონმდებლო ორგანოში შემოვიდოდა, იქნებოდა ცარიელი „პუფი“, ახლა რომ შემოდიან, ალბათ, „პუფის“ საყიდლად არიან წასულები, რომ თავის თავს გვერდით მოუდგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტში შესვლის გამბედაობა არ ჰყოფნით.
„ვფიქრობ, მათ გამბედაობა არ ყოფნით, რასაც ერთადერთი მიზეზით გავამართლებ, თუ ისინი აქ შემოსვლამდე შეივლიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში და მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ხელმოწერა, რამდენადაც გაჯიუტდებიან, უარესი იქნება მათთვის. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი გატეხილი სიტყვა, არათანმიმდევრული ნაბიჯები. ჯერ ამბობდნენ, რომ კანონი ვერ აღსრულდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავზე, შემდეგ იყო, ვინც გირაოს გადაუხდიდა, ის იქნებოდა მტერი. როგორც ჩანს, ევროკავშირი არის მტერი, შემდეგ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა იქნებოდა ცარიელი პუფი. აქედან გამომდინარე, რომ შემოდიან ალბათ, პუფის საყიდლად არიან წასული, რათა გვერდით თავიანთ თავს მოუდგან. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგში ჩარჩენილი, არის უაღრესად დესტრუქციული. მაგრამ მინდა, მათ ვუთხრა, მათ ქვეყანას არ ავარევინებთ. მინდა, მოვუწოდო, რომ თავიანთი დესტრუქციული ჩანაფიქრები დატოვონ პარლამენტს მიღმა, თავიანთ ოფისში და შემობრძანდნენ, რათა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებზე ვიყოთ ერთიანები. გამოვიდნენ იმ ლაბირინთიდან, რომელშიც შეიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და დაუბრუნდნენ იმ დღის წესრიგს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ დავაბრუნებთ ამ დესტრუქციული ნაბიჯებიდან მათ და გავცემთ ადეკვატურ პასუხს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.