ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 15 ივნისიდან მსუბუქდება სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის სანებართვო პირობები და მარტივდება სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შეტანის, აღრიცხვისა და საბაჟო საწყობიდან გატანის პროცედურები. კერძოდ:
• გაიმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვის ვადა, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია არა უმეტეს 3-თვიანი პერიოდით, იზრდება 12 თვემდე. შესაბამისად, საბაჟო საწყობებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, რომ ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს როგორც გაიმპორტებული, ისევე უცხოური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საბაჟო საწყობში წარდგენილ იქნება გაფორმების ვადაში ან რომლებზეც ამოწურულია გაფორმების ვადა);
• სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის ნებართვის მქონე პირების მიერ, ვიდეომეთვალყურეობის წარმოება სავალდებულო იქნება მხოლოდ საბაჟო საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში (გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის ვალდებულება აღარ გავრცელდება სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების დათვალიერებისა და გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილებზე);
• ავტომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საბაჟო საწყობიდან არაუმეტეს 48 საათით გატანის შეზღუდვა და ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის სავალდებულო შევსების პირობა აღარ გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა მიმართაც არ არის ამოწურული გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა;
დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5180796?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5167411?publication=0
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები ავტოიმპორტიორი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებითა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანმშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ.