სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა.  

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის  გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, დაეხმარონ უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.
„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. პირადად ჩემთვის და სემეკის თითოეული წარმომადგენლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ახალგაზრდებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების პოპულარიზაცია სტუდენტებში. სემეკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების მუდმივი გაუმჯობესება და ამას ჩვენს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტებიც მოწმობს.  

სემეკში ვმუშაობთ სასწავლო ცენტრის შექმნაზე, რომელიც მათ შორის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მუდმივად ჩართული იყვნენ პროფესიული განვითარების პროცესში. ცოდნის მიღება და კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება წარმოადგენს ერთგვარ აუცილებლობას განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში. ამჟამად, ბევრი რამ იცვლება ზოგადად ენერგეტიკაში. აქედან გამომდინარე, სემეკის მხრიდან გადაიდგმება ყველა ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანი იქნება აწსუ-ს სტუდენტებისთვის განათლების მიღების პროცესში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. სემეკსა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება მკაფიო გამოვლინებაა თანამედროვე გამოწვევების მიმართ აწსუ-ს მზაობისა. გამოცდილი სპეციალისტების მიერ ახალგაზრდებისათვის ცოდნის გადაცემისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე შეუძლებელია მომავალი პროფესიონალების ჩამოყალიბება. სიამოვნებით მინდა გავიხსენო, რომ, ამ მხრივ,  ჩვენ კარგი ტრადიცია უკვე გვაქვს. წლების წინ სემეკი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის მიმართულება ნაყოფიერად თანამშრომლობდა, თუმცა 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტისაგან თვისებრივად განსხვავებულია დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის განვითარების განმსაზღვრელ ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს სტაჟირება-კვალიფიკაციის ამაღლება,   სტუდენტებისათვის  საჭირო  მასალის მიწოდება კვლევების საწარმოებლად, თუ ერთობლივი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება.  ეს ყოველივე კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის ჩვენს უნივერსიტეტში ენერგეტიკის სპეციალობას, ასევე, მასთან დაკავშირებულ ეკონომიკისა და სამართლის პროგრამების შესაბამის მიმართულებებს. 

დარწმუნებული ვარ, არც ერთი მხარე არ დაიშურებს ენერგიას, თავისთავად ამ არაჩვეულებრივი ინიციატივის ხორცშესხმასა და მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებულ განხორციელებაში“,- აღნიშნა როლანდ კოპალიანმა.