ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იმ ადამიანების კატეგორიაში არ შევდივარ, ვინც ცუდის გადაბრალებას, ხელის შეწმენდას წასულზე ცდილობს, თუნდაც ის წასული გაქცეული იყოს. აღნიშნული საქციელი მხოლოდ ზნეობრიობით არ აიხსნება. უფრო პასუხისმგებლობის გრძნობა შეიძლება ვუწოდოთ.
პირადად ჩემი პასუხისმგებლობა კი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ აგერ უკვე 9 წელი სრულდება, ყოველი არჩევნების წინ ადამიანებს ვეუბნები, საარჩევნო ურნასთან მისულებმა ბიულეტენში "ქართული ოცნების" კანდიდატი შემოხაზონ.
არც იურიდიულად ვაგებ პასუხს(მოხელის პოსტი არ მიჭირავს), არც პოლიტიკურად(პოლიტიკოსის საქმიანობას არ ვეწევი და არც დეპუტატი გახლავართ) და არც მორალურად...უფრო სწორად, საკუთარი თავის მიმართ თუ არ ვიქნები მომთხოვნი, ვერავინ მომთხოვს პასუხს, შენ რომ მომიწოდე ამა და ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ, რატომ არ აკეთებს იმას, რასაც ხმაშეწყობილად გვპირდებოდითო. რა
პრობლემაა?! ვეტყვი, მეც შენსავით შემაცდინეს, უღირსი გამოდგა, არ ვიცოდი, თამაშობდა, გვიღალატა...სიტყვის ბოლოს მეტი დამაჯერებლობისთვის აღმატებულ ფორმაში კარგებსა და კეთილებსაც მოვუხსენიებ...და რა მერე?! კარს მომდგარი არჩევნების წინ ამომრჩეველს რომ ვეტყვი, ამჯერად ნაღდი კანდიდატი გამოვუშვით არენაზე, ამას აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი, ნამდვილად არ გვიმტყუნებსო, ხომ მომიტრიალდება ის ადამიანი და მეტყვის, რატომ უნდა გენდოო?! მეტყვის და მართალიც იქნება!
პასუხს ვაგებ ხალხის, ამომრჩევლის, საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე! ხმა მივეცი "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერ გიორგი გახარიას; პროპორციულ სიაში წარმოდგენილ დეპუტატობის სხვა კანდიდატებს, რომლებიც ამჟამად გიორგი გახარიას გუნდში არიან; პირადად გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ხოჯევანიშვილს, ვისაც სხვა მხარდამჭერებთან ერთად ხალხის რჩეული მაჟორიტარის მანდატი მივანიჭე. მეტიც, პასუხს ვაგებ იმისთვის, რომ მოგიწოდებდით მათთვის ხმის მიცემისკენ.
"ეს ხალხი ოპოზიციაში გადავიდა და ხელებიც დამიბანია"... ვერ გაგიბედავ, არ გაკადრებ! მე ვარ ის ადამიანი, ვინც გეუბნებოდა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედაც ეს ხალხი შეასრულებდა იმ დავალებებს, რასაც ერთად ვახმოვანებდით.
ამჯერად ამ ადამიანების ცინცხალი გზავნილების თაობაზე:
მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა პარტიულ ინტერესებს აყენებდა;
მმართველი პარტია ხალხს დაშორდა, ვერ გააცნობიერა მოსახლეობის, რიგითი ადამიანების ინტერესები;
დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე;
ვემიჯნებით კორუფციას და ნეპოტიზმს... ზედმეტი იქნება იმის შეხსენება, თუ რა გზავნილებს აჟღერებდნენ ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ. რამე მსგავსი გახსოვთ?!
აღნიშნული წინასაარჩევნოდ რომ ეთქვათ:
მოხვდებოდნენ "ქართული ოცნების" სიაში?!
სიაში რომ მოხვედრილიყვნენ, გახდებოდნენ დეპუტატები?!
იკითხავდა თუ არა ამომრჩეველი, თუ ამ ხარვეზებს ხედავ და ხმასაც იმაღლებ, რა გესაქმება მმართველი პარტიის სიაში, რატომ არ ემიჯნები და ოპოზიციონერის რანგში რატომ არ იყრი კენჭსო?!
ახლა კი მე დავსვამ კითხვებს:
რომ არა "ქართული ოცნების" სახელით კენჭისყრა, გახდებოდით დეპუტატები?!
რა გრჯიდათ, რომ ამამრჩეველთან თ ა მ ა შ ო ბ დ ი თ, უმალავდით პრობლემებს, ა ტ ყ უ ე ბ დ ი თ და თვალებში ნაცარს აყრიდით (თქვენივე ქმედების ლოგიკიდან გამომდინარე)?! გეთქვათ ბატონო, ის "სიმართლე", რაც 2021 წლის 29 მაისს გაახმოვანეთ და თუ ხალხი მაინც არ აგირჩევდათ, მართლად სიარულს მაინც გააგრძელებდით(ისევ და ისევ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე).
ახლა კი რა გამოვიდა?! ხალხს პირდაპირ, მოურიდებლად და დაუფარავად ეუბნებით, რომ ან 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ატყუებდით, ანაც დღეს ატყუებთ. სინამდვილე კი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ერთმანეთში გადაზელილ ტყუილს ბრძანებდით. უპირველესი მოტყუებულები კი ჩვენ ვართ, თქვენი ამომრჩევლები, რომელთა ნაწილის გადაბირებასაც დღეს ლამობთ.
ვიიშ, რა ადვილი ყოფილა საპრეზენტაციო სიტყვის შესავალში ბოდიშის მოხდა...მოიხადე ბოდიში და ყველაფერი ავტომატურად "ჩამოიწერება".
ეპილოგის მაგიერ...პოსტი პასუხისმგებლობის თემით დავიწყე. ექსპო ჯორჯიას საკონფერენციო დარბაზში გამართულ პომპეზურ პრეზენტაციაზე ერთხელ, გაკვრით, ყასიდად მაინც ეთქვა რომელიმე თქვენგანს, რომ იმ "ნაკლოვანებებზე", რომელთა წინააღმდეგ ბრძოლასაც მომავლაში აპირებთ, ნაწილობრივ მაინც იღებთ პასუხისმგებლობას.
თუმცა, ლამის დამავიწყდა, რომ თქვენ მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენთ, რომელიც წარსულს მხოლოდ ოპონენტებს ახსენებს.
რატომღაც ოპონენტებში ის ძალა არ გაგხსენებიათ, ვისთან ბრძოლასაც ფასადურად აფიქსირებდით, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები განდეთ“.