არავის შეუზღუდავს სააკაშვილისთვის საქართველოში ჩამოსვლა, უბრალოდ წინასწარ ცნობილია, რა მოჰყვება ამას - ნურავინ შეეცდება კვლავ გამოიწვიოს ქართული სამართალი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებისა და პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს უფლება პარტიული ინტერესი, სახელმწიფოებრივზე მაღლა დააყენოს.
„ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ ბრძანდება საქართველოს მოქალაქე და ამასთან, ის არის მსჯავრდებული. არავის შეუზღუდავს მისთვის საქართველოში ჩამოსვლა, უბრალოდ, წინასწარ ცნობილია, რა მოჰყვება ამას სამართლებრივი თვალსაზრისით, თუ ის საქართველოში ჩამოვა. ნურავინ შეეცდება კვლავ გამოიწვიოს ქართული სახელმწიფო და ქართული სამართალი. არავის აქვს უფლება უფრო მაღლა დააყენოს პარტიული თუ პირადი ინტერესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.