გივი მიქანაძე: არჩევნების საკითხი კომისიის მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

გივი მიქანაძე: არჩევნების საკითხი კომისიის მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

სამოქმედო გეგმა, რომელზეც დღეს ჩვენ გვექნება მსჯელობა და რომელსაც იმედია, რომ დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, - ამის შესახებ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროცესს და ის საკითხები, რომლებიც კომისიის წინაშე დაისვა, მისი მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი, გამოძიებული და ამის ამსახველი დასკვნა შემდეგ, როცა დრო დადგება, წარედგინება ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე და ყველა კითხვაზე შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული“, - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მან კომისიის სხდომაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის საკითხიც განმარტა. „მათ დღესაც კი შეუძლიათ შემოუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ კომისიის საქმიანობაში, როგორც თავისი მოსაზრებების და კონკრეტული არგუმენტების გამოთქმის კუთხით, ასევე გარკვეული მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი იქნება კომისიის საქმიანობისთვის“, - აღნიშნა მიქანაძემ.

პარლამენტში, ამ წუთებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.