მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2016 წელს ხანგრძლივ სამუშაო საათებს მსოფლიოს მასშტაბით 745 000 ადამიანი ემსხვერპლა.
კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის დასავლეთით არის.
ასევე დადგინდა, რომ კვირის განმავლობაში 55 საათზე მეტი მუშაობა ინსულტის რისკს 35%-ით, გულის დაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკს კი 17%-ით ზრდის, მათთან შედარებით, ვინც კვირაში 35-40 საათის განმავლობაში მუშაობს.
ამასთან, ხანგრძლივი სამუშაო კვირით გამოწვეული პრობლემებით გარდაცვლილთა უმეტესობა შუა ასაკის ან უფრო ასაკოვანი კაცია.
კვლევა კორონავირუსის პანდემიის პერიოდს არ ითვალისწინებს, თუმცა ჯანმოში შიშობენ, რომ დისტანციური მუშაობის პოპულარობა ამ ტენდენციას გაზრდის.
„გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ საყოველთაო ლოკდაუნის დროს, სამუშაო საათების ხანგრძლივობა დაახლოებით 10%-ით იზრდება. დამსაქმებლებმა უნდა დააწესონ მუშაობის მაქსიმალური ლიმიტი, რაც დასაქმებულების პროდუქტიულობასაც გაზრდის“, - აცხადებენ ჯანმოში.