ერთნი ვართ, ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა განვაგრძოთ ცხოვრება. ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრაზე განაცხდა.
„ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ყველა არის ერთ აზრზე. აქვე სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება ვითარების ესკალაცია აწყობდეს, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას. ერთი ოჯახი ვართ და ეს ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს სოზარ სუბარმა.
შეხვედრას ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.
ამ დროისათვის დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ინციდენტი დმანისში, გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.