განვაიარაღეთ ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა, - ამის შესახებ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა, ლაშა გოგნიაშვილმა ჟურნალისტებს დმანისში განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე ვითარება განმუხტულია.
„შსს, თითოეული დანაყოფის თანამშრომელი, მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. განვაიარაღეთ ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ვითარება განმუხტულია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელია აქ, ადგილზე. გუშინაც იყო, დღესაცაა“, - განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.
ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დმანისში ვითარება განმუხტულია.