თუ საგადასახადო დავალიანება გაქვთ – აი, როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების სრულად შესამცირებლად

თუ საგადასახადო დავალიანება გაქვთ – აი, როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების სრულად შესამცირებლად

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადასახადის გადამხდელს, მიმდინარე საგადასახადო დავალიანებააქვს, იქნება ეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება.

„გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ ჯარიმა-საურავებისგან, შესაძლებლობა ექნებათ, ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე შეთანხმების გაფორმება დავალიანების 30 პროცენტის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული ინიციატივა ეხება გადასახადის ყველა გადამხდელს, გადასახადის გადამხდელის ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას, მათ შორის აღიარებულს, მათ შორის საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ სასამართლო სისტემაში. მსგავსი ფორმითა და პირობებით წარმოდგენილი განცხადებები ფაქტობრივად ავტომატურ რეჟიმში იქნება დაკმაყოფილებული, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ინიციატივა ერთჯერად ხასიათს ატარებს. მეწარმეებს ხვალიდან უკვე შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისთვის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევას. თავის შინაარსით, იქიდან გამომდინარე, რომ სრულად ხდება ძირითადი თანხის გადახდა, ამ ფორმით აღნიშნული ინიციატივა არანაირად არ შექმნის არაკონკურენტულ გარემოს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.