ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საჰაერო გზით შემოსული ტვირთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, ექსპორტისა და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცესს დაესწრნენ.
საჰაერო ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ, 2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა. თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა, მათ შორის ტვირთების დათვალიერების რენტგენო სკანერები, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვას და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.
აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრების მიერ, 14 ათას ხუთასზე მეტი დეკლარაცია გაფორმდა, ხოლო შესაბამის პროგრამულ სისტემაში დამუშავებულმა საფოსტო გზავნილების რაოდენობამ ორ მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ძირითადი ტრანზიტული დერეფანი, საბაჟო კონტროლის პროცედურებს შეუფერხებლად, სწრაფად და მარტივად ახორციელებს.