ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინები არაა ახალი. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. ანუ საქართველოში, მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა უკვე გამოყენებადია და 100%-იანი ეფექტიანობით იცავს ცოფისგან, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.
„კორონავირუსის ვაქცინაც, რომელიც ჩინეთში დამზადდა, მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 200 მილიონამდე დოზაა გამოყენებული. 26-27 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „სინოფარმთან“ დაკავშირებით. ეს თარიღი უკვე დათქმულია. რადგანაც ჩვენ უკვე გვაქვს ეს ვაქცინა და საწყობში გვიდევს, სიკვდილობისგან თითქმის 100%-ით გვიცავს სიკვდილობისგან და მძიმე დაავადებისგან. გვაქვს 50 ათასი დოზა ვაქცინა და ეს ნიშნავს, რომ ამავე რაოდენობის დაცვა და 500 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მსოფლიოში არცერთი ვაქცინა არაა 100%-იანი, ყველას აქვს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ - 30 მარტიდან. ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყება კი, 4 მაისიდან იგეგმება.