ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პოპულაცია, რომელიც, სიკვდილობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა, არიან 55-60 წელს გადაცილებული ადამიანები. რაც უფრო მეტად გვემატება წლები, მეტია სიკვდილის რისკი. საქართველოში 55 წელს გადაცილებული, დაახლოებით, 1 100 000 ადამიანია. აქედან, ვაქცინა მხოლოდ 2%-ზე ცოტა მეტს აქვს გაკეთებული. ამაზე ყველაფერმა ერთად იმოქმედა, დააკლდა საინფორმაციო კამპანია, ექთნის გარდაცვალება... ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია. ჯერჯერობით, ეს ასეა და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. 20 ათასზე ცოტა მეტია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დარჩენილი. „სინოფარმის“ ვაქცინა 100 ათასია, მაგრამ ორზე იყოფა და 50 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზაა“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ - 30 მარტიდან. „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყება კი, 4 მაისიდან იგეგმება.