ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა - ამდენი თვის შრომამ, ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„დღეს მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შარლ მიშელისგან, რომელიც მომზადდა პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით, მის მიერ. აქ ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ძალიან სწრაფად.
ამავდროულად, შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ არის ის, რაც ჩვენ გვსურდა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, საუბარია 43-პროცენტიანი ზღვრის დაწესებაზე და მხოლოდ პროპორციული და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი - შეთანხმება, რომელსაც მე მხარს ვუჭერ.
როგორც ჩვენმა უახლოესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა განაცხადა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მათ მიაჩნიათ, არის საბოლოო და ელოდებიან პოლიტიკური სპექტრისგან ამ დოკუმენტისთვის მხარდაჭერას, რათა ევროკავშირმა და აშშ-მა გააგრძელონ მათი უშუალო, ღრმად ჩართულობით ყველა პუნქტის განხორციელებაზე მონიტორინგი და უზრუნველყონ ამ პუნქტების სრულად განხორციელება. ამიტომ, მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ის პარტიაში, პოლიტსაბჭოზე, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.