პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც გადაწყვეტილია - ჩემთვის ეს დოკუმენტი მისაღებია, დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც და რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ თანხმობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც დღეს დაიდო, შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდეს. ვაშაძის ინფორმაციით, პირველივე პუნქტში საუბარია პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტაზე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, „მითითებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან 43%-ის აღების აუცილებლობა“.
„ეს არის ფაქტობრივად, საბოლოო დოკუმენტი - შეიძლება ასე ითქვას, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ბევრი რამ შეიძლება კიდევ მინდოდა, რომ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, ორივეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში, იმასაც გეტყვით, რომ რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის შეწყალება. ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს“, - განაცხადა ვაშაძემ.