აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. გერმანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს.
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა იზიარებს უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ღია სივრცეში კორონავირუსით ინფიცირების რისკი უმნიშვნელოდ დაბალია.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის დადგენილი ვირუსის გავრცელების გზებზე, რაც აქამდე კვლევები არსებობს, ამბობს, რომ covid-19 წვეთოვანი ინფექცია უფროა, ვიდრე ჰაერწვეთოვანი. ამიტომ ღია სივრცეში, სადაც დისტანცია დაცულია, ინფიცირების რისკები ძალიან დაბალია. იმ შემთხვევაში თუ ხალხის მჭიდრო თავშეყრა ხდება და დისტანციის დაცვა შეუძლებელია, საჭიროა პირბადის ტარება, სხვა შემთხვეაში პირბადე არ არის საჭირო ღია სივრცეში და უკეთესიცაა თუ არ ვატარებთ" - ამბობს ინფექციონისტი.