გურამ მაჭარაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო

გურამ მაჭარაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო და არ დაუტოვა არანაირი შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკური შეთანხმება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერით ოპოზიცია მინიმუმ ორ ნაწილად დაიყოფა.

„დღეს იმ რადიკალურ ფრთას, რომელსაც არ სურს შემოსვლა პარლამენტში, აქვს შანსი შეინარჩუნოს პოლიტიკური სიცოცხლე და მოემზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რადგან ვართ ხელისუფლებაში, გარდა იმისა, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავდნენ, გვაქვს მომეტებული პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაცნობიერებთ. ვიღებდით და დღესაც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობა, ამიტომ მოვაწერეთ ხელი მიშელის დოკუმენტს. ჩვენ რასაც ხელს ვაწერთ, იმას ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი რესურსის ფარგლებში. იქ არის პუნქტები, სადაც უბრალოდ საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა კვორუმის გამო და გამომდინარე აქედან, მათი შემოსვლა აუცილებელი იქნება პარლამენტში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ პარტიები, რომელთაც სურთ, გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება, ხელს მოაწერენ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში.

„ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს განცხადება. არჩევანი მათზეა, თუ ისინი ვერ გაბედავენ და ვერ დააღწევენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და არ მოაწერენ ხელს დოკუმენტს, ვერ შემოვლენ პარლამენტში, ისინი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გზას დაადგებიან, რაც არ მგონია, რომ ასე მოხდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ პარტიები, რომელთაც სურთ, პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ, ხელს მოაწერენ დოკუმენტს და შემოვლენ პარლამენტში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.