ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით ნამახვანჰესთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაში ეკლესიის პოზიციაა, რომ დიალოგია ერთადერთი გზა, რითაც ასეთი საკითხები უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება დავით გარეჯს, იმ წუთიდან მოყოლებული, როცა დავით გარეჯთან გაჩნდა პრობლემა ეკლესია იყო წინამძღვრი ქართველი ერისა და სახელმწიფოსი, რომ მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა და გავავლოთ საზღვარი იქ სადაც ის გადიოდა ბოლო ასწლეულის განმავლობაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია. „დავით გარეჯისა და ნამახვანჰესის თემას ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო, რადგან როცა ვცდილობთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევას და აქ აქცენტი კეთდება პატრიოტიზმზე, ძალიან ადვილია რომ ძალიან გულწრფელ პატრიოტულ გრძნობას, ვერ მივაყოლოთ ბუნებრივი განსჯა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მოქალაქეებს, რომ ამ შემთხვევაში უფრო დიდი ავტორიტეტი ვიდრე საქართველოს საპატრიარქოა არ არსებობს და გაითვალისწინოს ის თხოვნა და რჩევა, რომელიც აქვს საქართველოს ეკლესიას და ნუ ავყვებით ემოციებს ერისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნა სუბარმა.
16 აპრილს „ნამახვანჰესის“ საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.