„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ავლაბარში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება. მისი თქმით, შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია.
„დღეს შალვა ბედოიძემ და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პოლიციელი გმირია! მადლობა შალვას და შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას!!!“, - წერს მდინარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით ერთი საათის წინ შეიჭრა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. თავდამსხმელი შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ.
უსაფრთხოების მიზნით, დახურულია მეტროსადგური „ავლაბარი“ და მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა.